ახალი ამბები
პოლონეთში მოკლული ქალი ზუგდიდში ჩამოასვენეს
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალი ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დღეს ჩამოასვენეს. მის სახლში ახლობლები და ნათესავები არიან შეკრებილები და გარდაცვლილის ხსოვნას მიაგებენ პატივს. ოჯახის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის მთავარი მოკლული ქალის 3 არასრულწლოვანი შვილის საქართველოში უმოკლეს ვადებში ჩამოყვანაა, რადგან ამისთვის გარკვეული პროცედურების გავლასთან ერთად, მამის ხელმოწერაა საჭირო. ბავშვები პოლონეთის შესაბამის სამსახურებს სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავთ გადაყვანილი.

ამასთან, გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათ სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ მამაკაცის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით ის უკვე დაკავებულია, მეორე ვერსიით კი ჯერაც საავადმყოფოში იმყოფება. 

27 წლის როზეტა ყალიჩავა ქმარმა დაახლოებით 10 დღის წინ მოკლა. შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა და სახლში ხანძარი გააჩინა. 

აღნიშნულ საქმეზე ორგანიზაცია "საფარი" პოლონეთის სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივლებს. როგორც ორგანიზაციის იურისტმა თამარ ლუკავამ ჟურნალისტებს უთხრა, პოლონეთის შესაბამისმა უწყებებმა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის უფლება ვერ დაიცვეს. ის ამბობს, რომ არაერთი ფიზიკური ძალადობის შემდეგ პოლიციამ მოძალადე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და დააკავა, თუმცა, მხოლოდ ორი დღით, რის შემდეგაც მამაკაცი გაათავისუფლეს.
Print