ახალი ამბები
წალენჯიხის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
გია ხარჩილავას მოადგილემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მერიას წერილობით მიმართა. ინფორმაციას ის თავად ადასტურებს. "ათინათის" კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი აღნიშნული გადაწყვეტილება, ზარქუა ამბობს, რომ ის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას გრძნობს.

"განცხადება დღეს დავწერე, აწი მერის გადასაწყვეტია. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუ საჭირო გახდება ეს, თუმცა არამგონია. ირიბად, თუ პირდაპირ ჩემი პასუხისმგებლობა იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამებასთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაკარგვია, მე მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა თანამდებობა" - გვითხრა ლაშა ზარქუამ.

რამდენიმე კვირის წინ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წალენჯიხაში ჩავარდნის საფრხის ქვეშ იყო, რადგან მერიამ პროექტი საკრებულოს დაგვიანებით წარუდგინა. მოგვიანებით, პროგრამა აღდგა, თუმცა მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც პასუხისმგებელი პირი უნდა გამოეკვეთა.

ლაშა ზარქუა წალენჯიხის მერის მოადგილედ გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.
Print