ახალი ამბები
ზუგდიდში პური გაძვირდება
ზუგდიდში პურის მწარმოებელი კომპანიები მომავალი თვიდან პურის გაძვირებას ვარაუდობენ. მათი თქმით, ამის მიზეზი "სოკარ გაზის" მიერ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასის მატებაა.

ზუგდიდში პურის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ "ლეკო"-ს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მომავალი თვიდან მათ პურის ჩაბარება მინიმუმ 20 თეთრით უფრო ძვირად მოუწევთ. გოჩა ბეჭვაიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პურზე ფასის მატების მეორე შემთხვევაა და ეს უმეტესად ფქვილსა და საწვავზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

"ძალიან მტკივნეულია ეს ნაბიჯი, მაგრამ, სამწუხაროდ, მოგვიწევს ფასის მატება. ასე მუშაობა შეუძლებელია, მაგრამ სხვა შემთხვევაში უნდა დავიხუროთ. ჩვენ ასევე ვამარაგებთ სხვადასხვა დაწესებულებას და მოგებულ ტენდერებში ფასები არ იცვლება. შარშან ამ დროს ჩაბარების ფასი 60 თეთრი იყო, ახლა 80 თეთრია და ივლისიდან, ალბათ ერთ ლარამდე გაიზრდება", - აღნიშნა ბეჭვაიამ.

ზუგდიდში პურზე ფასი რომ მოიმატებს, ადასტურებს კომპანია "ნაროს" დირექტორი დავით ნაროუშვილიც. პურის მწარმოებელი განმარტავს, რომ სხვადსხვა საჭირო პროდუქციაზე ფასის მატებას ბუნებრივ აირზე ფასის მატებაც დაემატება და ეს, შესაბამისად, პურზე ფასის გაზრდას გამოიწვევს.

"მინიმუმ 10-დან 15 თეთრამდე მოიმატებს, ალბათ, ფასი. იზრდება ფქვილის ფასიც, საწვავის და ასე შემდეგ", - თქვა ნაროუშვილმა.

ყველაზე ცოტა 10 თეთრიდან ვარაუდობს პურზე ფასის ზრდას კომპანია "ზუგდიდის პურის" მენეჯერი დავით ჯიქიაც. როგორც ის განმარტავს, ამ შემთხვევაშიც, პროცესი მწარმოებლებზე დამოკიდებული არ არის.

"ბუნებრივი აირის ფასი 25 თეთრით ძვირდება, მანამდეც გაძვირდა და ეს, ცხადია, გამოიწვევს პურზე ფასის მატებას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში სხვა გზა არააა", - თქვა ჯიქიამ.

"სოკარ გაზის" ინფორმაციით 2022 წლის 1 ივლისიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი 1.38 ლარით განისაზღვრება.

Print