ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს ცხედრის აბაშაში გადმოსვენება სურთ
უკრაინაში დაღუპული 41 წლის მებრძოლის გიორგი გრიგოლიას ოჯახის წევრები ცხედრის გადმოსვენებაში შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვს. ახლობლების თქმით, მათ უკვე დაუკავშირდნენ სხვადასხვა წარმომადგენლობები, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება დაღუპულის მეუღლესთან დაკავშირება, რადგან სწორედ მისი თანხმობაა საჭირო ცხედრის საქართველოში ჩამოსასვენებლად.

"გიორგიმ ომის დაწყებისას ოჯახი - ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თურქეთში წაიყვანა და ვერავინ ვუკავშირდებით. მიკოლაევშია მისი მამა, რომლის იქიდან გამოყვანა პრობლემაა. ველოდებით, რა შეიძლება, მოხერხდეს. ვიცით, რომ ქართველი მებრძოლები იყვნენ კიევში, სადაც გიორგის ხსოვნას პატივი მიაგეს. ომის დაწყების დღიდან იბრძოდა უკრაინისა და საქართველოსთვის",- ამბობენ დაღუპულის ახლობლები.

შემთხვევა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ოჯახმა და ახლობლებმა მისი დაღუპვის შესახებ მხოლოდ გუშინ დილით შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით გრიგოლია წლებია ცოლ-შვილთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. ის დონეცკის ოლქში, ბახმუტის ტერიტორიაზე იბრძოდა. 

გრიგოლიას დაღუპვამდე ერთი თვით ადრე, ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას წარმოშობით ქართველი მებრძოლი 27 წლის ტატო ბიგვავა შეეწირა. დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან ერთ-ერთის, სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს სულ 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.


Print