ახალი ამბები
მუხურში მოსახლეობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს
ჩხოროწყუს სოფელ მუხურში სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აპირებს აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებას და მათ ამის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. მოსახლეობას შესაბამისი უწყებების მხრიდან პასუხების მოსმენა აინტერესებს, რადგან შიშობენ, რომ სოფელი ტერიტორიას დაკარგავს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნაკვეთის შესყიდვა კომპანია "ხარებას" სურს.

"მეფუთკრეობის კვლევითი ცენტრი ტერიტორია არის დაახლოებით 1 ჰა-მდე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ტერიტორია სხვისდება ზემდგომი ორგანოების, ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ადგილობრივ ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე. ჩვენ ვართ მუხურის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ახლახან შეიქმნა და რომელშიც მთელი სოფლის მოსახლეობა გაწევრიანდება. ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. აგვიხსნან, რატომ სხვისდება, ვის აძლევენ ამ მიწას. კერძო პირის თუ გახდება, ჩვენ ამ ტერიტორიით ვერ ვისარგებლებთ", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

თავის მხრივ, კომპანიაში განმარტავენ, რომ, თუკი სახელმწიფოს ინტერესები მათ ინტერესებს დაემთხვევა, ინვესტიციას ჩადებენ, რომ ადგილზე ევროპული ტიპის ქარხანა, ლაბორატორია და სამეცნიერო ცენტრი მოეწყოს. 

"არ არის საუბარი შესყიდვაზე, საუბარია გარკვეული პირობებით გადმოცემაზე. კომპანია "ხარება" აპირებს სოფელ მუხურის მეფუტკრეობის ამჟამინდელი ტერიტორია სამთო მეფუტკრეობის მსოფლიო ცენტრად. აღმოსავლეთ ევროპაში უნდა იყოს #1-ლი, შესაბამისად კომპანია გეგმავს მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას, რაც გულისხმობს თაფლისა და თაფლის პროდუქტების ქარხნის ადგილზე გაკეთებას, ევროპული ტიპის ლაბორატორიის გახსნას. ასევე გეგმავს მუხურის რუხი დედა ფუტკრის პოპულაცია აიყვანოს უმაღლეს დონეზე", - უთხრა ჟურნალისტებს კომპანიის წარმომადგენელმა რომან თოლორდავამ. 

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ უკვე მოიპოვა ლიცენზია მუხურის თაფლის წარმოებაზე.
Print