ახალი ამბები
ყირიმის, დნრ/ლნრ-ის, ხერსონის, მელიტოპოლის და აფხაზეთის კლუბებისთვის ჩემპიონატის გამართვის საკითხი განიხილება- რუსული მედია
გამოცემა RB Sport - ის ცნობით, რუსეთში განიხილავენ ერთიანი ჩემპიონატის შექმნის შესაძლებლობას, რომელშიც "ყირიმის, დნრ/ლნრ-ის, ხერსონის, მელიტოპოლისა და აფხაზეთის კლუბებს შორის გაიმართება", წერს "ეხო კავკაზა".

"ეს იმით არის განპირობებული, რომ უეფას უარის გამო, უახლოეს მომავალში ამ რეგიონების ვერც ერთი კლუბი ვერ გახდება (РСФ) რუსეთის საფეხბურთო კავშირის წევრი და ითამაშებს რუსეთის ჩემპიონატებში. თუმცა, ერთიანი ჩემპიონატის შექმნა ასევე შეუძლებელია მანამ, სანამ ტერიტორიები უსაფრთხო არ იქნება", - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მორიგი დისკუსია მოსკოვში, 12 ივნისს არის დაგეგმილი. აღნუშნული ინფორმაცია სხვა სპორტულმა ვებგვერდებმაც გამოაქვეყნეს RB Sport -ზე დაყრდნობით.

მანამდე თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა დონეცკის საფეხბურთო კლუბ "შახტიორის" აღდგენის გეგმების შესახებ განაცხადა. 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზური კლუბი შესაძლოა რუსეთის საფეხბურთო ლიგის შემადგენლობაში შევიდეს. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტარას ხაგბამ განაცხადა, რომ "ასეთი კლუბის ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს და იქვე თამაშობდნენ".

" ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ სოჭის სახელით წარვდგეთ, რათა რუსეთის საფეხბურთო კავშირს სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნას. ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია, ჩვენ არ გვსურს, რომ ბაზა სოჭში გვქონდეს", - აღნიშნა ხაგბამ.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "რუსეთის საფეხბურთო კავშირის შემადგენლობაში ყირიმისა და აფხაზეთის შეყვანაზე საუბარი უაზროა".


Print