ახალი ამბები
ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სანქციები იზრდება
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ ტექდათვალიერებას არ გაივლის, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური, ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერებას ისევ არ გაივლის, ჯარიმის ოდენობა იზრდება - ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება.

„მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს - ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება. მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი.

შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად დაიწყო, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.

რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას - შესაბამისი კანონის პროექტი კომიტეტის ფარგლებში იმ კონსულტაციების შედეგად შემუშავდა, რომელზეც წინა შეხვედრებზე ვიმსჯელეთ “, -განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ინიცირდება.




Print