ახალი ამბები
საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში და ორმაგი მოქალაქეობა - სააკაშვილი
ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში. ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უნდა მოხდეს გარდამავალი 3-5 წლიანი პერიოდის აღება, რომლის განმავლობაშიც მოხდება შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ფედერაციის შიგნით თავისუფალი გადაადგილება და საერთო უსაფრთხოების რეჟიმის წესები უნდა იყოს დაცული.

"ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს. ორივე - ქართული და აფხაზური იქნება სახელმწიფოს ოფიციალური ენები. ქუთაისში, პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა. აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი.

წამოვლენ თუ არა ამაზე აფხაზები? - ბოლო ათწლეულებმა კარგად აჩვენა, რომ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების შანსი არ აქვს. საქართველოსთან ერთად კი ჩვენი შემოთავაზებული მოდელით მას შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.

ჩვენ უკვე უნდა განვიხილავდეთ და ვკამათობდეთ ასეთ თემებზე, რათა მზად ვიყოთ დიდი ცვლილებებისთვის და ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ჩემი გათვლებით, აფხაზეთთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც დაეტყობა თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობას. აფხაზეთთან ერთად მთელ საქართველოს ფედერაციას შეეძლება 6-7 წელიწადში ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდა. დაიწყება საპორტო ინფრასტრუქტურის ბუმი, იქნება ბევრი სხვა სარგებელიც", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.


Print