ახალი ამბები
ანა წითლიძე წალენჯიხაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და უწყებისგან წალენჯიხაში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს. დეპუტატის ინფორმაციით, წალენჯიხის ცენტრში რამდენიმე დღის წინ საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" დათო ბელქანიამ და მმართველი პარტიის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ადგილობრივ მოსახლე მერაბ კვარაცხელიას სცემეს. ამის მიზეზად წითლიძე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ კონფლიქტს ასახელებს.

"რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში გავაკეთე განცხადება და ვისაუბრე კონკრეტულ ფაქტზე, როგორ მოხდა სისხლიანი გარჩევა წალენჯიხაში, ცენტრში და როგორ სცემა საკრებულოს წევრმა და ფრაქციის თავმჯდომარემ "ქართული ოცნებიდან" დათო ბელქანიამ ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარესთან, გოგა გულორდავასთან ერთად ადგილობრივი მოსახლე მერაბ კვარაცხელია, მხოლოდ იმის გამო, რომ წალენჯიხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიწა, რომელიც უნდა ყოფილიყო წალენჯიხელების საკუთრებაში, კორუფციული გარიგებით მოხვდა სწორედ ბელქანიას და გოგა გულორდავას მფლობელობაში. დაჭრილია ორივე მხარე, სისხლიან გარჩევას წალენჯიხაში ჰყავდა ძალიან ბევრი თვითმხილველი. მძიმეა მერაბ კვარაცხელიას მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლიანი გარჩევა მოხდა ქალაქის ცენტრში, ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრების მონაწილეობით, დღემდე პოლიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით არ დაუწყია არანაირი გამოძიება და დაკავებული არ არის არცერთი მონაწილე პირი. მინდა მივმართო შს მინისტრს, მე საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით მივცე ჩვენება, მივაწოდო ყველა კონკრეტული ფაქტი და ინფორმაცია, რაც მე მაქვს და მზად ვარ მოვიდე დაკითხვაზე, რომ ამ ქვეყანაში არ ხდებოდეს ისე, რომ ქართული ოცნების საკრებულოს წევრები დღისით, მზისით აწყობდნენ სისხლიან გარჩევებს ქალაქის ცენტრში, ჭრიდნენ ადამიანებს და სცემდნენ მათ სასიკვდილოდ", - თქვა წითლიძემ.

თავის მხრივ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის ყოფილი წევრი მმართველი პარტიიდან. გოგა გულორდავა წითლიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნაც. მოძრაობის და მისი პოლიტიკური ტელევიზიების პროპაგანდა არის ახლა აგორებული, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით რაღაც გარჩევაში. იმ პერიოდში, რასაც ისინი იძახიან, საერთოდ არ ვიყავი წალენჯიხაში, როგორ უნდა მიმეღო ამ გარჩევაში მონაწილეობა? დღეს მოვისმინე ძალიან საინტერესო რამ, ეს ქალბატონი პარლამენტის წევრია როგორც ვიცი, მზად არის ჩვენების მისაცემად. ძალიან მაინტერესებს, მივიდეს, რა ინფორმაციასაც ფლობს, მიაწოდოს სამართალდამცავებს და როგორ წავა შემდეგ ეს საკითხი, საინტერესოა ჩემთვისაც პირადად. არაფრისმთქმელი და უსაგნო ცილისწამება ცოტა უხერხულია პარლამენტის წევრისგან. უბედურებაა ქვეყნის, როცა საკანონმდებლო ორგანოში გვიზის უმაქნისი და ცილისმწამებელი კანონმდებლები", - ამბობს გოგა გულორდავა.
Print