ახალი ამბები
ბჟანიას პრესსამსახური ჟურნალისტებს წარმოშობით ქართველ თანაშემწეზე - სენსაციების დევნას შეეშვით
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ასლან ბჟანიას თანაშემწე , წარმოშობით ქართველი, რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრე მირელია.
მანამდე ტელეგრამ არხმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ასლან ბჟანიას ჰყავს წარმოშობით ქართველი თანაშემწე, რომელმაც გვარი მირილაშვილი მირელით შეიცვალა.

უფრო გვიან, ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სქრინშოტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მირელი რუსეთში ქართული დიასპორის წევრია.

აფხაზი ლიდერის პრესსამსახური ურჩევს ჟურნალისტებს, "სენსაციების დევნაში, არ გამოაქვეყნონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არ ამოიღონ ფოტოები და ფრაზები ზოგადი კონტექსტიდან".

მირელის რუსეთის ქართულ დიასპორაში სავარაუდო წევრობის შესახებ ინფორმაცია აღებულია საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში" ვებგვერდიდან.

"თუ ინტერნეტპორტალის მონაცემებს დავუჯერებთ, გიორგი გულია და ფაზილ ისკანდერიც ქართული დიასპორის წევრები არიან. ვიმედოვნებთ, რომ მათი წარმოშობა არ აჩენს კითხვებს. თუმცა ისკანდერისა და გულიას ფოტოები ალექსანდრე მირელის ფოტოსთან ერთად ამ საიტზეა განთავსებული განყოფილებაში - "ქართული დიასპორა სახეებში", - აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში.

აქვე ნათქვამია, რომ მირელი მართლაც არის "პრეზიდენტის თანაშემწე სპეციალური დავალებების საკითხებზე". ის დაიბადა და ცხოვრობდა სოხუმში, კარიერაც იქ დაიწყო, მოგვიანებით კი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა. 

"დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გამოცდილება და პროფესიული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის რესპუბლიკისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

მირელის ოფიციალურ ვებგვერდის თანახმად, 2007-2018 წლებში ის იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე, 2009-2012 წლებში - არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილე, 2014-2017 წლებში კი ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის მრჩეველი იყო. 2018 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ალენა არშინოვას და რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ილიას უმახანოვის თანაშემწე, წერს "ეხო კავკაზა".

თუმცა, რა "სპეციალური დავალებით" არის დაკავებული ალექსანდრე მირელი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Print