ახალი ამბები
სოხუმს პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს
სირიაში "აფხაზეთის ელჩი" დამასკოში პალესტინის ელჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ბაგრატ ხუტაბამ და სამირ ალ-რიფაიმ "ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივები განიხილეს. პალესტინის ელჩმა სირიაში სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა", ვკითხულობთ ინფორმაციაში. მანამდე ხუტაბამ განაცხადა, რომ იემენმა აფხაზეთს "ორმხრივი აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა". ამასთან, დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ იემენში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითა.

"ჩვენ მივყვებით სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საერთაშორისო აღიარების გზას. იემენის მადლიერები ვართ დიალოგისთვის. მოგეხსენებათ, ქვეყანას რთული პერიოდი უდგას. ჩვენ შევთანხმდით, რომ დაველოდებითთ, სანამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებითვის შესაფერისი საფუძველი არ ჩამოყალიბდება", - განაცხადა არძინბამ.

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა" სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.




Print