ახალი ამბები
სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში პოლიციამ 14 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად "კოკინიჩი"), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად "ლისოვიჩი"), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.ჩ., 1982 წელს დაბადებული ს.გ. და 1981 წელს დაბადებული თ.მ.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "ჰეროინი", "ჰეროინის" შემცველი ფხვნილი, "ალფა პვპ" და "ბუპრენორფინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print