ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ყინულის საწმენდი მანქანის გასაქირავებლად აუქციონი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყინულის საწმენდი მანქანის Zamboni 552-ის ქირავნობის ფორმით გაცემაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. გამარჯვებულ პრეტენდენტს მოძრავი ქონება სარგებლობაში 2 წლის ვადით გადაეცემა. აუქციონის საწყისი ფასი 6 500 ლარია. 

საკრებულომ მერიას ყინულის საწმენდი მანქანის გაქირავებისთვის ნებართვა გასულ თვეს მისცა. ცნობილია, რომ მანქანით ბათუმისა და ქუთაისის ყინულის სახლებია დაინტერესებული.

რაც შეეხება ზუგდიდის ყინულის სახლს, მისი დემონტაჟი სკეიტ პარკიდან ზუგდიდის მერიას 200 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. მის ადგილზე სასტუმროს კომპლექსი უნდა აეშენებინათ, ყინულის სახლი კი ყოფილი "კომკავშირის პარკის" ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო, თუმცა 2020 წელს ბიუჯეტის შემცირების შემდეგ პროექტის განხორციელება 2021 წლამდე გადაიდო.

მერის, მამუკა წოწერიას ინფორმაციით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ზუგდიდის მერია ბენდელიანის ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის პროექტირებაზე მუშაობს. მისივე განმარტებით, აქამდე არსებული გასაბერი კონსტრუქცია ამორტიზებულია, მისი შენახვა კი დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც მისი იმავე სახით გადატანა არ იგეგმება. რაც შეეხება ყინულის ყოფილი მოედნის ტერიტორიას, რომელიც m²-მა შეიძინა, მერის ინფორმაციით კომპანიამ მშენებლობის ნებართვა გასული წლის ნოემბერში მიიღო და სასტუმროს ასაშენებლად 30 თვემდე ვადა აქვს.

სკეიტპარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m²-მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია აქ 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

ყინულის მოედნის მშენებლობა ზუგდიდში 2012 წელს დაიწყო. ის წლების განმავლობაში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა და პერიოდულად იხურებოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობისა და შენახვისთვის გაწეული ხარჯის შესახებ მომზადებული კვლევის მიხედვით, ჯამში, ის ბიუჯეტს 8 მილიონ ლარამდე დაუჯდა.




Print