ახალი ამბები
უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას აცრის დოკუმენტის ან ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულება მოიხსნა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი პირი გათავისუფლებულია აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან. ამას ითვალისწინებს "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება.

"უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან", – აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 14 ივნისს მოაწერა ხელი და ის ძალაში დღეიდან, 15 ივნისიდან შედის.
Print