ახალი ამბები
სოხუმმა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში 10 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
სოხუმიდან ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში კოლონა გაემგზავრა, რომელმაც 10 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი წაიღო. მას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, კოლონა ასევე გაჰყვა "საგანგებოს" 15 აფხაზი მაშველი, რომელიც ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში კოლეგებს ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება. ეს არის მესამე ჰუმანიტარული კოლონა, რომელიც აფხაზეთიდან დაონბასის სეპარატისტულ რეგიონში გაემართა.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" მიმდინარე წლის მარტში აღიარა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".




Print