ახალი ამბები
ფოტოგრაფის ცემის ფაქტზე ზუგდიდის სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
ფოტოგრაფ რომან თოლორდავას ცემის საქმეზე ბრალდებული 3 პირიდან ერთ-ერთის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. რაც შეეხება დანარჩენი ორს, მათ შორის კი ზუგდიდის მერიის "კეთილმოწყობის ცენტრის" დირექტორს დიმიტრი ფაცაციას, ისინი ერთ-ერთ წარდგენილ ბრალდებაში, რომელიც ძალადობას გულისხმობდა, გამართლდნენ, ხოლო მუქარასთან დაკავშირებული მუხლი, ადვოკატი იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, ამნისტირებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გამოცხადდა. აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 3-ივე პირს გირაო ჰქონდა შეფარდებული.

"გამამართლებელი განაჩენი დადგა ძალადობის ნაწილში, ირაკლი ქუთელია გაამტყუნეს, ხოლო ლევან ხუფაცარია და დიმიტრი ფაცაცია გაამართლეს. რაც შეეხება მუქარას, ამნისტირებული იყო მუხლი და აქედან გამომდინარე სასჯელი არ დადგა. მუქარაში გამამტყუნებელი იქნებოდა, რომ ყოფილიყო დაზარალებული წინააღმდეგი", - თქვა ადვოკატმა.

თავად დაზარალებული ფოტოგრაფი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და გვეუბნება, რომ ეს თემა არ აინტერესებს.

"ეს თემა არ მაინტერესებს საერთოდ, სხვა შემთხვევაში ღრმად ჩავეძიებოდი სამართლებრივ სივრცეებში", - გვითხრა თოლორდავამ. 

2020 წელს მომხდარ ინციდენტში, რომლის დროსაც ფოტოგრაფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დიმიტრი ფაცაციასთან ერთად ააიპ-ის კიდევ ერთი თანამშრომელი ფიგურირებდა. შემთხვევის შედეგად თოლორდავას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
Print