ახალი ამბები
შინ ევროპისკენ! - 20 ივნისს აქცია ზუგდიდშიც გაიმართება
ზუგდიდში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება აქცია "შინ ევროპისკენ"! სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა. წლების მანძილზე საქართველომ უამრავი მსხვერპლი გაიღო, მათ შორის საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად დაამტკიცა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი და სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს სხვა ევროპული სახელმწიფოების გვერდით.

2022 წლის ივნისის ბოლოს ევროკავშირი გამოაქვეყნებს საქართველოს სტატუსთან დაკავშირებულ დასკვნას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის რადიკალური ცვლილება შეუძლია.

ივნისის ბოლოს გადაწყდება, ვუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ფესვებს ევროპაში, სადაც ფუნდამენტური ღირებულება ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა, თუ კიდევ უამრავი შრომა მოგვიწევს ამისთვის.

ზუგდიდი და მთელი სამეგრელო ყოველთვის აქტიურ როლს ასრულებდა ქვეყნისთვის ყველა საჭირო საქმეში. ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა... რისი გარანტიც სწორედ ევროკავშირია.

ამიტომ, ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 18:00 საათზე, შევიკრიბოთ ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე და საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისადმი", - ნათქვამია განცხადებაში.


Print