ახალი ამბები
ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი "მომავლის ხმები" გაიმართება
17-24 ივნისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი "მომავლის ხმები" მესამედ ჩატარდება. ინფორმაციას სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს. 

წელს ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. ღონისძიების ფარგლებში ანაკლიას ესტუმრებიან წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ.

სალოტბარო სკოლების ფესტივალი "მომავლის ხმები" 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან. 


Print