ახალი ამბები
ბჟანიამ ენგურზე "საზღვრის" კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა
აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" სხდომა გამართა. ამის შესახებ აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
მისი პრესსამსახურის ცნობით, "უშიშროების საბჭოს" შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხები" განიხილეს. კერძოდ, ბჟანიამ ენგურზე "საზღვრის" კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"გზავნილში პრეზიდენტს არანაირი სტრატეგიული მიზანი არ დაუსახავს", ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უფრო ადრე, აფხაზმა ლიდერმა "პარლამენტის" დეპუტატებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ "საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებაზე აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ" აღიქვამს.

ასევე, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო შეხვედრაზე, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის "სამართალდამცავი ორგანოები" ნატოს ბლოკის სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებული ინციდენტების დიდ რაოდენობას აფიქსირებენ. მან უწყებას სამუშაოების ოპერატიული კომპონენტის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით,  ნატოს თვითმფრინავების მიერ "სახელმწიფო" საზღვრის დარღვევის შესახებ "თავდაცვის სამინისტროს" ანგარიშშიც არის საუბარი.





Print