რეგიონი
ენგურჰესის კაშხალზე სარემონტო სამუშაოები ივლისში დაიწყება
ენგურჰესის კაშხალზე ,,მსოფლიო დონის ატრაქციის’’ მოწყობის პროექტირება დასრულებულია,- ამის შესახებ რადიო ,,ათინათს’’ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა.

მისივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყება.

,, ჩვენ ორი ობიქეტის ტერიტორიაზე პროექტირება დავასრულეთ ეს არის ,,აღმოაჩინე ენგურჰესი’’, მცირე ზომის სამუზეუმო სივრცის მოწყობა ადმინისტრაციულ შენობაში, ახლა პროცედურებს გავდივართ როგორც ფინანსურს, ასევე სამართლებრივ პროცედურებს. ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ დაიწყება სპეციალური სივრცის შექმნა, სადაც იქნება სუვენირების მაღაზია, კაფე და იქნება ენერგიის წყაროების მუზეუმი, ჯერ - ჯერობით მხოლოდ სველი წერტილების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანერებით უზრუნველყოფა ტერიტორიის’’, - აღნიშნა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე თქმით, ენგურჰესზე ვიზიტორების რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის და ინვესტორების მოძიება გამარტივდება.

,,ჩვენ ფოკუსი გვაქვს იმაზე, რომ მაქსიმალურად კომფორტი შეიქმნას ვიზიტორებისთვის, ამომწურავი იყოს ინფორმაცია, თუ რა აქვს ენგურჰესს ისეთი განსაკუთრებული და რატომ უნდა მივიდეს იქ ადამიანი, როგორც კი ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება და ინტერესის სფერო უფრო გაფართოვდება, მას მერე უფრო შესაძლებელი იქნება და გაგვიადვილდება ინვესტორების მოძიება’’- თქვა ანთიძემ.

კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.


Print