რეგიონი
ანაკლიაში ფესტივალი ,,მომავლის ხმები’’ გაიხსნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცნობით, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე გაიხსნა.
17 ივნისს ანაკლიას ესტუმრნენ წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ.

ფოლკლორის ცენტრის ცნობით, სხვადასხვა თემატიკის წარმოდგენები ფესტივალის მიმდინარეობისას ყოველ საღამოს გაიმართება. 20 და 24 ივნისს კი მონაწილეები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში ორ კონცერტს გამართავენ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ მესამედ იმართება.

მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.

Print