ახალი ამბები
ზუგდიდში ნიკო დადიანის დღიურების პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ნიკო დადიანის დღიურების პრეზენტაცია შედგა. წიგნი, რომლის მასალებსაც წლების განმავლობაში ისტორიკოსი და მკვლევარი აბესალომ ტუღუში აგროვებდა, "არტანუჯმა" გამოსცა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ და ავტორის ღვაწლზე ისაუბრეს "არტანუჯის" მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ, ასევე აბესალომ ტუღუშის კოლეგებმა და მეგობრებმა. ბიბლიოთეკში იმყოფებოდა მისი შვილი, გია ტუღუშიც. 

"ნიკო დადიანს – ისტორიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, მსაჯულსა და დიპლომატს – თანამედროვეებმა და შთამომავლებმა დამსახურებისთვის "დიდი ნიკო" უწოდეს. ის, როგორც სამხედრო მთავარსარდალი, ელჩი და სამეგრელოს მმართველი, მთელ რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი დღიურები. წიგნში დაცულია ძვირფასი ცნობები სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროთა შესახებ, XIX საუკუნის პირველ მესამედში იქ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საყურადღებოა ის ცნობები, რომლებიც სამართალსა და სამართალწარმოებას შეეხება, რადგან ნიკო დადიანი XIX საუკუნის მიწურულიდან გარდაცვალებამდე მოსამართლე, 1815 წლიდან კი სამეგრელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მსაჯულთუხუცესი ანუ მდივანბეგთუხუცესი იყო. დღიურები წარმოადგენს წყაროს ქართული გვარების ისტორიისთვისაც. გარდა ამისა, იგი მდიდარ წარმოდგენას იძლევა ნიკო დადიანის პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაზე", - ვკითხულობთ წიგნის აღწერილობაში.

"არტანუჯის" ინფორმაციით, გამომცემლობა აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი ნაშრომების წიგნებად გამოცემას მომავალშიც გეგმავს.

აბესალომ ტუღუშს გამოქვეყნებული აქვს 9 წიგნი, კრებულები და 80-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიის, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე. მკვლევარი ბოლოს მეგრული გვარების ისტორიის მრავალტომეულზე მუშაობდა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო. ის 2008 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.


Print