ახალი ამბები
ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატების სტატუსი "ავანსად" მისცეს და საქართველოსთვისაც ისევეა ღიაა ევროკავშირის კარი, როგორც ამ ორი ქვეყნისთვის.

"ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვას, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას", - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა. მისი თქმით, მას არ შურს არც უკრაინის, არც მოლდოვის და ულოცავს უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ გამარჯვებას. მისივე განმარტებით, ორივე ქვეყანას უკრაინაში ომის გამო მისცეს ეს სტატუსი.

პრემიერ - მინისტრის თქმით, "'ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა – ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დადებულია, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და, რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი"... 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გახდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დასახულ ამოცანებში ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის დეოლიგარქიზაციაა. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.

კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფობის ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

Print