ახალი ამბები
მოსკოვი ჟენევის დისკუსიების უფრო "ნეიტრალურ" ადგილზე გადატანის წინადადებით გამოდის
მოსკოვმა შესაძლოა ჟენევის დისკუსიების ჩატარების ადგილის შეცვლა მოითხოვოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრა გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

"რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რომლებიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად ჩნდება კითხვა ჟენევიდან შეხვედრის ყველა მონაწილისთვის მისაღებ ნეიტრალურ ადგილზე გადატანის აუცილებლობის შესახებ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის გადადების შესახებ, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი, თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად მიიღეს მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციების გარეშე, წერს "ეხო კავკაზა".

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე საუბარია "დასავლეთის ქვეყნების მცდელობებზე, გადაიტანონ დაპირისპირების ლოგიკა სამხრეთ კავკასიაში". მოსკოვს მიაჩნია, რომ ამ პირობებში პრიორიტეტი უნდა იყოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება (რუსეთის ფედერაციის ვერსიით, შეთანხმება საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებს შორის შედგეს, ), ასევე საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყება "საქართველოსა და ამ რესპუბლიკებს შორის" .

"ამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის გარეშე ამიერკავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანი ვერ მიიღწევა", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს ესტუმრნენ. სოხუმში იმედი გამოთქვეს, რომ დისკუსიების შემდეგი რაუნდი ივნისში გაიმართება, ცხინვალში კი განაცხადეს, რომ "ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის ჩასატარებლად ამჟამად გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს ".




Print