ახალი ამბები
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

ამავე ცნობით, 1 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში. მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხში ჰქონდა განთავსებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print