ახალი ამბები
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა სექტემბრიდან განახლდება - მგფ
ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში განახლდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში უთხრეს. უწყების ინფორმაციით, მოსწავლეები შენობაში გაკვეთილებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაესწრებიან.

ბოლო ცვლილების თანახმად, მგფ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "არქმშენსერვისმა" სამუშაოები 2022 წლის 26 ივლისამდე უნდა დაასრულოს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის პირველი და მეთორმეტე საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის ივლისში გამოაცხადა და მისთვის 7 332 141 ლარი გამოყო. ხელშეკრულება კი გამარჯვებულ კომპანიასთან 9 დეკემბერს დაიდო. დოკუმენტის თანახმად, სამუშაოები 10 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება შევიდა.

საბოლოოდ, ბოლო ორი წელია, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს შენობაში არ დასწრებიან.

რეაბილიტაციის ფარგლებში კი გათვალისწინებული იყო მთავარი შენობის რეაბილიტაციას, ახალი საპირფარეშოს ბლოკის მოწყობას, ახალი საქვაბე შენობის აგება, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ასევე წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი. ამასთან, შენობის შესასვლელებზე ახალი წინაფრები და თანამედროვე სტანდარტების პანდუსების მოწყობას. ასევე, შშმ პირებისთვის შენობის ორივე სართულზე დამატებითი სველი წერტილების მშენებლობა.
Print