ახალი ამბები
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში წუხანდელი სტიქიის შედეგებს ებრძვიან. გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოსულმა უხვმა ნალქმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები რეგიონის მასშტაბით შექმნა.

ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წყალმოვარდნების შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც და საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ასევე, დაზიანებულია ავეჯი, ტექნიკა, განადგურებულია მოსავლის ნაწილი, დახოცილია შინაური ფრინველები და პირუტყვი.

უხვმა ნალექმა ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა.

სტიქიის ზონაში მთელი ღამე მუშაობდნენ სამართალდამცავი ორგანოები - პოლიცია და მაშველები. მდინარე ცივის ადიდების შედეგად წყალი სენაკი-ზუგდიდის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რის გამოც მოძრაობა აიკრძალა.

სტიქიის რამდენიმე ზონაში საღამოსვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, ზარალი დამთვლელი კომისიები მუშაობას დილიდან შეუდგებიან.
Print