ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა - ზუგდიდის მერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ბაღში დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა.

"წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს გარკვეული სახის ზიანი მიაყენა. წაქცეულია რამდენიმე ერთეული ხე, შედეგად დაზიანდა და რამდენიმე ადგილას გაირღვა ბაღის ღობე, დაზიანებულია განათებები. არსებულმა სადრენაჟე სისტემამ ვერ უზრუნველყო მოვარდნილი წყლის მასის გადინება, შესაბამისად დაიტბორა ბოტანიკური ბაღის ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დამატებით სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რათა მომავალში მსგავსი სახის პრობლემის წარმოქმნის ალბათობა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

ამავე ცნობით, დილიდანვე ბოტანიკურ ბაღში მუშაობენ შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ჯგუფები და მიმდინარეობს ბაღის იერსახის მოწერიგება. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

სტიქიამ და უხვმა ნალექმა ბაღში 7 ხე წააქცია. მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით დღეს ბოტანიკურ ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
Print