ახალი ამბები
სენაკში წვიმის შედეგად დატბორილ და ჩახერგილ ტერიტორიებს აწესრიგებენ
სენაკის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ტერიტორიები იწმინდება. შლამითა და ინერტული მასალით ჩახერგილი და დაბინძურებული ლოკაციები ამ წუთებშიც წესრიგდება. ამავე ცნობით, მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. მობილიზებულია მერიის სამსახურების წარმომადგენლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში. მუშაობს მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესი.

"გუშინ, ინტენსიურმა ძლიერმა წვიმამ მწვავე პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. კოკისპირული წვიმის შედეგად, დაიტბორა ქალაქის ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა ტეხურმა მწყობრიდან გამოიყვანა ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი და ბეწვის ხიდი.

ნოქალექევის ადმინისტრაციულ ერთეულის ლეგაგუეს უბანში მდინარემ, ასევე, წაიღო ხიდი.

წვიმამ უშაფათის, ძველი სენაკის, თეკლათის, მენჯის, ჭალადიდის, ახალსოფლისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანალოგიური მდგომარეობაა სენაკის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
Print