ახალი ამბები
"ათინათმა" ზუგდიდში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი ჩაატარა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - "ათინათის" ორგანიზებით, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას უფროსკლასელები, სტუდენტები, მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე, ორგანიზატორების თქმით, ფორუმი ხელს შეუწყობს მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდას, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლებას.

"დღეს ზუგდიდში ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მოხალისეობის ფორუმი უკვე მესამედ ტარდება. ფორუმის მიზანი არის ზოგადად მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია. ჩვენი საზოგადოებისთვის მოხალისეობა არ წარმოადგენს ძალიან უცხო ხილს, ჩვენს წინაპრებს ძალიან ბევრი ტრადიცია ჰქონდათ, რაშიც გამოიხატებოდა ერთმანეთის მხარდაჭერა, გვერდში დგომა და დახმარება. დღეს მაინც ვთვლით, რომ მოხალისეობის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მოსწავლეებში, ბავშვებში, რათა მოხალისეობა გახდეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი", - თქვა ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ყალიჩავამ.
ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს სუბიექტების, სოციალური საწარმოების საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია მოეწყო. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ამ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზეს.

"ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ეძღვნება მოხალისეობის თემის პოპულარიზაციას. აქ წარმოდგენილი არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მოხალისეების მასპინძლობით და ახალგაზრდები, რომლებიც ამ საქმიანობისადმი ინტერესს იჩენენ. ასეთი ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, ერთი მხრივ, ეხმარება სამოქალაქო სექტორს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, გააცნოს საქმიანობები, ასევე, ახალგაზრდებს, რომ პირდაპირ კავშირი დაამყარონ ორგანიზაციებთან და განსაზღვრონ, არის თუ არა ღია კაი მათი იდეების განხორციელებისთვის. ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით", - უთხრა ჟურნალისტებს "განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის თავმჯდომარემ" ლია კილაძემ.

ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებმა საზოგადოებას თავისი საქმიანობა გააცნეს. ფორუმის ფარგლებში მოეწყო მასტერკლასები სკაუტინგსა და ტყავის დამუშავების ტექნოლოგიაში. ამასთან, გაიმართა ვიქტორინა: "მოხალისეობა და მოხალისეობის შესაძლებლობები ჩვენ ირგვლივ" და ინტერაქტიული თამაში: "რა ვიცი ჩემი რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე". გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ვიქტორინის გამარჯვებულები.

ფორუმზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი".

"ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც ხაზი გაესვა მოხალისეობრივი საქმიანობის, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, მთავარი აქ გახლავთ პოპულარიზაცია მსგავსი საქმიანობის განხორციელების და სწორი კომუნიკაცია მოხალისეობრივი საქმიანობის მიმწოდებლებსა და მიმღებ ორგანიზაციებს შორის. ასევე, ხაზი გაესვა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩვენი ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას. გაანალიზდა ის გარემო და მდგომარეობა, რომელიც ეხება მოხალისეობრივ საქმიანობას და თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ განისაზღვრა ის ეფექტური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსგავს აქტივობებს", - განმარტა "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" პროექტის ხელმძღვანელმა დავით აფრასიძემ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ და სამეგრელოს რეგიონისთვის ახალგაზრდული საქმიანობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

"ამ ღონისძიების მთავარი სამიზნე არის ახალგაზრდები და მათი საქმიანობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ასაკში, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ენერგიითა და იდეებით სავსე, მოგეცემა  საშუალება ამ იდეებისა და შესაძლებლობების განხორციელების. დღევანდელი ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში, რომელიც დიდი პროექტია და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. სამეგრელო-ზემო სვანეთი ყოველთვის აქტიური იყო ამ თვალსაზრისით, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა  შემდეგ ძალიან დიდ წარმატებას აღწევდა და ჩვენ ამ პროექტით გვინდა, რომ ხელი შეუწყოთ მათ და დავეხმაროთ ამ წარმატების მიღწევაში", - აღნიშნა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.

ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" (2021-2025) ფარგლებში გაიმართა.
Print