ახალი ამბები
ენმ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დატბორვასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დატბორვასთან დაკავშირებით საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ და მერს, მამუკა წოწერიას საკრებულოს სხდომაზე იწვევენ, სადაც მათივე თქმით, მას მოუწევს პასუხის გაცემა რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე. ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ბოტანიკურში სადრენაჟო სისტემა ხარვეზებით გაკეთდა, რის გამოც ბაღი იტბორება და ზიანი ადგება. 

"2017 წელს ქართუ ბანკისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დაიწყო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის დაპროექტება. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, არ ვიცით მიზანმიმართულად თუ შეცდომით, მაგრამ ვფიქრობთ რომ მსგავსი შეცდომები არ მოსდით სპეციალისტებს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მარჯვენა ფლიგელი მთლიანად დარჩა სადრენაჟო სისტემის გარეშე. ბაღის რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა. ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ უხვი ნალექის შედეგად როგორ ნადგურდება 180 წლის წინ გაშენებული ხეები. ეს არის მარადმწვანე მუხები, რომლებსაც დაბლა შეუდგათ წყალი იმიტომ, რომ დამპროექტებლებმა თავის დროზე არასწორად გააკეთეს სადრენაჟო სისტემა, წყალში ჩაახვრჩვეს 12 ჰექტარი. დღეს საკრებულოში მოვუსმენთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ზვიად ქარჩავას ერთი წლის ანგარიშს. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვიწვევთ ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას თავის ქალაქს გასცეს პასუხი, რანაირად და როგორ მოხდა ის, რომ ბოტანიკური ბაღი კი არ რეაბილიტირდა, არამედ მოხდა ისე რომ ბაღი პრაქტიკულად არ აქვს ზუგდიდს, რადგან იქ შემსვლელთათვის ვიზიტი არ არის უსაფრთხო", - თქვა ბრიფინგზე ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.

რამდენიმე დღის წინ უხვმა ნალექმა ბაღში 7 მრავალწლოვანი ხე წააქცია. მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაღში დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა.

​ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო დანარჩენ 30%-ს, მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.

მერიამ სესხის სახით აღებული ფინანსური ვალდებულების გადახდა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო და ის 2028 წლის მარტის თვეში დასრულდება.

Print