ახალი ამბები
ენმ სამეგრელოში მოსახლეობას ხვდება
ენმ-ის წევრები მარტვილში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ ფლაერებს არიგებენ და მოსახლეობას 3 ივლისის აქციაზე აწვდიან ინფორმაციას. სამეგრელოში იმყოფებიან პარლამენტის წევრები ანა წითლიძე, თემო ჯანაშია და გიორგი ბოტკოველი, რომლებიც ჯერ მარტვილის რეგიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ, მოგვიანებით კი საინფორმაციო ბუკლეტები მოქალაქეებს ქუჩაში დაურიგეს. მათი თქმით, დღეს ქვეყანა განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას და ისინი სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს სრულად იზიარებენ.

"მნიშვნელოვანია ის რაც ხდება და პროტესტი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ვნახეთ 20 და 24 ივნისს ძალიან ბევრი ადამიანი გამოსული და დღეს მთავარი რამ წყდება ჩვენი ქვეყნისთვის - გავხდებით თუ არა ევროპის ნაწილი, თუ დავრჩებით იქ სადაც მიგვითითებს ივანიშვილი. ვფიქრობ, რომ 3-შიც იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და იმ მოთხოვნები, რაც არის გაჟღერებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რა თქმა უნდა ვუერთდებით და ვართ ამ ყველაფრის ნაწილი, ყველა სხვა ოპოზიციური პარტიაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ოლიგარქიული მმართველობა", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ბოტკოველმა. 

ევროპული კურსის მხარდამჭერი მორიგი აქცია თბილისში 3 ივლისს ჩატარდება.
Print