ახალი ამბები
სოხუმი - მინისტრთა კაბინეტმა აფხაზეთში საწვავის ფასები 7 ივლისამდე უნდა დაარეგულიროს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა "მინისტრთა კაბინეტს" 7 ივლისამდე საწვავის ფასების შემცირებისკენ მოუწოდა. "პარლამენტმა" დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო დადგენილება ნავთობპროდუქტებზე ფასების რეგულირების სფეროში ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ".

კერძოდ, დოკუმენტში საუბარია "ნავთობპროდუქტებზე ფასების რეგულირების სფეროში გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობაზე, მათი "სამართლიანი და ეკონომიკურად გამართლებული ფასებით" შემოტანის მიზნით.
რეზოლუციის ტექსტის მიღებას მხარი 29-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, - იუწყება სააგენტო "აფსნიპრესი" .

ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის "პარლამენტმა" ასევე რეკომენდაცია გასცა გაუქმდეს "მინისტრთა კაბინეტის" 2022 წლის 1 მარტის დადგენილება "გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტებზე საბითუმო და საცალო ფასების დადგენისა და მაქსიმალური სავაჭრო მარკირების წესის დამტკიცების შესახებ", რეგულირების მეთოდის არაეფექტურობის გამო.

"მინისტრთა კაბინეტმა" ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის კომენტარების გათვალისწინებით ახალი რეზოლუცია უნდა შეიმუშაოს და დოკუმენტი პარლამენტს ორი კვირის ვადაში წარუდგინოს, - წერს გამოცემა.

"იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი არ შეასრულებს ამ რეზოლუციით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს, აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი იტოვებს უფლებას რეაგირება მოახდინოს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, "- ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ, რომელიც საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით შიმშილობს, მოქალაქეებს 28 ივნისს 18:00 საათზე სოხუმში, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. ადლეიბა აპირებს მოუწოდოს აფხაზეთის ლიდერს ასლან ბჟანიას, გამოვიდეს ხალხთან და მოისმინოს მოქალაქეების აზრი.

23 ივნისს ადლეიბა და ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები "პრემიერ-მინისტრ" ალექსანდრ ანქვაბს და "ვიცე-პრეზიდენტ ბადრა" გუნბას შეხვდნენ და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.

Print