ახალი ამბები
მეგრული ფოლკლორის ფესტივალის ჩასატარებლად ზუგდიდის მერიამ 60 ათას ლარზე მეტი გამოყო
მიმდინარე წლის 14-15 ივლისს ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 040 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და მასში წინადადებები 3-დან 5 ივლისის ჩათვლით მიიღება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ფესტივალში მონაწილე სტუმრების სასტუმროში დაბინავება, ტრანსპორტირება სხვადასხვა ქალაქიდან ზუგდიდში, ასევე, ანაკლიაში. გარდა ამისა, ამავე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სცენის მოწყობა, წამყვანის დაქირავება, ჯილდოს მომზადება, საჩუქრებისა და ბანერის მომზადება, ამასთან, ფესტივალის ბოლო დღეს ფურშეტის მოწყობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, "კოლხი და ..."-ს პრიორიტეტია უძველესი მეგრული სიმღერების მოძიება, ავთენტურობის და საშემსრულებლო მანერის შენარჩუნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროფესიული ფოლკლორული ანსამბლები და შემსრულებლები.

აღნიშნული ფესტივალი ზუგდიდში უკვე რამდენიმე წელია იმართება.

Print