ახალი ამბები
ადლეიბამ აფხაზეთში საწვავზე ფასების შემცირების პირობა მიიღო და შიმშილობა შეწყვიტა

აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ, რომელიც საწვავის ფასის დაწევას ითხოვს, შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ სააგენტო "აფსნიპრესი" იუწყება.


ადლეიბის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირობა მისცეს, რომ საწვავის ფასების შემცირების საკითხს ორ კვირაში მოაგვარებენ. 

28 ივნისს ასლან ბჟანია თავად შეხვდა მოშიმშილე აქტივისტს. გუშინდელიდან კი აფხაზეთში საწვავის კომპანიებმა ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების შემცირება დაიწყეს.

მანამდე, 27 ივნისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღო დადგენილება ნავთობპროდუქტებზე ფასების რეგულირების სფეროში ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ" და "მინისტრთა კაბინეტს" 7 ივლისამდე საწვავის ფასების შემცირებისკენ მოუწოდა.

"პარლამენტის" დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა, აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ საწვავზე ფასები შემცირების მოთხოვნით სოხუმში შიმშილობა 13 ივნისს დაიწყო. პარალელურად, ის იმ მოქალაქეების ხელმოწერებს აგროვებდა, რომლებიც საწავავზე ფასების გაძვირებას აპროტესტებდნენ. ადლეიბა ითხოვს, რომ ყველა სახის საწვავზე ფასები, სოჭსა და ადლერში დაფიქსირებულ ერთი წლის წინანდელ ნიშნულამდე უნდა დავიდეს, რადგან მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკაში საწვავზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი.


 

Print