ახალი ამბები
"შინ ევროპისკენ" - ზუგდიდში საინფორმაციო კამპანია ინცინდენტით დაიწყო
"შინ ევროპისკენ" - ზუგდიდში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებითა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრების ჩართულობით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.  კამპანიის მონაწილეები დღეს თაბუკაშვილის დასახლებაში დევნილებს შეხვდნენ და მათ ევროკავშირის სიკეთეებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ, ასევე, მათ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.


"ძალიან სერიოზულ გასაყარზეა ჩვენი სახელმწიფო, იმიტომ, რომ დიდი გამოწვევებია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ძალიან სერიოზული პრობლემა შუქმნა ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას მთავრობის ასეთმა ქმედებამ და დავინახეთ, რომ ბოლო სამიტზე ევროპული კავშირისა ჩვენ ვერ მივიღეთ ევრიკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელევანი იყო ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ამან გააჩინა კითხვები საზოგადოებაში და ბუნებრივია, ჩვენც გვაქვს კითხვები, მოქალაქეებსაც აქვთ კითხვები. მოდიან ადამიანები და აქვთ სურვილი, მეტიც გაიგონ, საკუთარი აზრი გამოთქვან. სწორედ ასეთი დისკუსიის პირობებში უფრო ჩქარა და უფრო მეტი ენერგიით წავა ჩვენი სახელმწიფო ევროინტეგრაციისკენ. ძალიან მოტივირებული არიან მოქალქეები, რომლებთანაც ვართ შეკრებილები. მსჯელობენ, უბრალოდ. რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ადამიანები და არ გამკვირვებია ის, რომ მოვიდნენ აქ ვიღაცეები და სცადეს შეხვედრის ჩაშლა. სხვაადასხვა პოლიტიკური ლოზუნგებით, ხმაურიანი გამოსვლებით, ესეც მათი ნებაა, მაგრამ თუ გინდა, რომ გამოხატო შენი პროტესტი ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას დაუშალო საუბარი და სხვას დაუშალო დისკუსია. პირიქით, დაჯექი და ერთად ვიკამათოთ, მათ ამის სურვილიც არ გამოთქვეს, იჩხუბეს და წავიდნენ. მოქალაქეები დარჩნენ და განაგრძეს დისკუსია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე ნელ ნელა, წვეთ-წვეთობით უფრო მეტად გაერთიანებულია ჩვენი მოქალაქეების განწყობა და ევროინტეგრაციის პერსპექტივას საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია", - აღნიშნა TI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ.

შეხვედრის დაწყებამდე ადგილზე მცირე ინცინდენტი მოხდა. ერთ-ერთმა დევნილმა კამპანიის მონაწილეებს "ომის პარტიის" მხარდამჭერები უწოდა და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა, სხვა მაცხოვრებლებმა მას მშვიდად საუბრის საშუალებისკენ მოუწოდეს.

კამპანია, რომელიც რეგიონებში მიმდინარეობს, ზუგდიდში ხვალაც გაგრძელდება. 



Print