ახალი ამბები
"მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის" - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კონკურსი გამოაცხადა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კონკურსი "მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის" გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

"ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული ახალგაზრდა პირი, ახალგაზრდების ჯგუფი ან ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3 000 ლარის ოდენობით.  

გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის 21 სექტემბერს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.  

კონკურსში შესაძლებელია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდა პირის, ახალგაზრდების ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის ნომინირება. ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფს, არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.

განაცხადები უნდა მიეწოდოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2022 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
Print