ახალი ამბები
ბაიდენის შემდეგ აფხაზეთში ტაქსით სარგებლობა ტოყაევსაც აუკრძალეს
კომპანია " A-Taxi "-მ აშშ-ისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მგზავრობა აუკრძალა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა gazeta.ru-ს კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ბასარიამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის სანქციების სია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გახსნა, ცოტა ხნის წინ კი მასში ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევიც მოხვდა.

"ჩვენ აფხაზური კომპანია ვართ და ჩვენთვის უკიდურესად უსიამოვნო იქნება იმ მგზავრების გადაყვანა, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება საჭიროდ, ისევე როგორც ადამიანების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას "კვაზი- სახელმწიფოს" უწოდებენ. ჩვენ ვიცით ჩვენი სახელმწიფოს ისტორია, რომელიც, ყაზახეთის ისტორიაზე უფრო მდიდარია. ტოკაევის მოსაზრებას პოლიტიკურად არაკორექტულად მივიჩნევთ, ის შეურაცხყოფს მოქალაქეების გრძნობებს და აფხაზეთის ისტორიას... თანამედროვე პოლიტიკამ, აშშ-სა და ევროპის მოდელით, აჩვენა სანქციების და შავი სიების პრაქტიკა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე მეთოდები... ამიტომ კომპანიამ საპასუხო ზომები მიიღო ამ განცხადებაზე", - თქვა ალექსანდრე ბასარიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების სიიდან გასასვლელად პრეზიდენტმა ტოყაევმა  ბოდიში უნდა მოუხადოს აფხაზეთის მოსახლეობას და აღიაროს მისი დამოუკიდებლობა.

"ეხო კავკაზას" თანახმად, ჯერჯერობით უცნობია შეუერთდებიან თუ არა ბაიდენისა და ტოკაევის წინააღმდეგ "A-Taxi"-ის მიერ დაწესებულ სანქციებს კერძო ტაქსის სხვა აფხაზი მძღოლები.

ინფორმაციისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა.

შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს ყაზახეთი ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში, მან უპასუხა, რომ ყაზახეთში უკრაინის ომზე განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს, რადგან ქვეყანაში განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა.
დონბასის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ გაეროს წესდების ორი ძირითადი პრინციპი - ერთა თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა - ერთმანეთს დაუპირისპირდა.

"გამოთვალეს, რომ თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად 500-600-ზე მეტი სახელმწიფო წარმოიქმნება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო ჩვენ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ ვაღიარებთ. ეს პრინციპი გავრცელდება კვაზი სახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.


Print