რეგიონი
წალენჯიხაში პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა
არსებული ინფორმაციით, წალენჯიხაში პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა სოფელ ოჭანეში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა კოჭ-წვივის არეში ჰქონდა მიყენებული და ახლობლების სურვილით, ქუთაისში სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

"კლინიკაში შემოყვანილი იქნა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა კოჭის არეში. ვინაიდან პაციენტის სიმძიმე აღემატებოდა ჩვენს კლინიკაში არსებულ რესურსებს, ახლობლებმა თვითონ გადაწყვიტეს გადაეყვანათ სპეციალიზებულ კლინიკაში, თავიანთი ხარჯებით. თვითდინებით იქნა შემოყვანილი და თავიანთი სურვილით გადაიყვნეს სხვა კლინიკაში",- ჟანა ჩანგელია.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე , წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.




Print