ახალი ამბები
დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები ზუგდიდში აქციას მართავენ
დევნილთა პოლიკლინიკაში მომუშავე ექიმები საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. მათი თქმით, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება დავით ტატიშვილის საკუთრებაში გადადის, რის შესახებაც გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ კლინიკის გასხვისება და პროფილის შეცვლა ტარიფების მატებას და პაციენტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.

"როგორც გავიგეთ იგეგმება პოლიკლინიკის გასხვისება და გაერთიანება ხობის, ჯვარის და ჩვენი დევნილთა პოლიკლინიკის. იცვლება მმართველი, ტატიშვილის კლინიკის წარმომადგენელი იქნება, რასაც მოყვება ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდა. ჩვენ ვემსახურებით შედარებით დაბალი ტარიფით, რითაც კმაყოფილია 45 ათასი ბენეფიციარი. ახალ ხელმძღვანელისთვის, დაახლოებით 30 ათასამდე ლარი, მხოლოდ პრემიაში გაიცემა, რაც გამოიწვევს ტარიფების გაზრდას. გავიგეთ, ისიც რომ შეიცვლება პროფილი და ტრავმატოლოგიური ცენტრი გახდება, ყველა თანამშრომელს მერე გაუშვებენ გარეთ. ჯერჯერობით გვეუბნებინ, რომ არ გაგვიშვებენ. ჩვენ არ გვინდა ძველი ხელმძღვანელის გაშვება. ეს პოლიკლინიკა აშენებულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენი დანაზოგით. ეკუთვნის ეკონიმიკის სამინისტროს, მაგრამ ჩვენი სახსრებით არის აშენებული. თუ დღემდე მოვიყვანეთ კმაყოფილი პაციენტები, აწი რატომ უნდა დავიშალოთ? პირიქით გვერდში დაგვიდგნენ, ახალი ტექნიკა შემოგვიტანონ", - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა ნატალია ჩიქოვანმა.

დევნილთა პოლიკლინიკაში მომუშავეები ამბობენ, რომ გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ ისინი გაფიცვას გეგმავენ. 

აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 50-მდე ადამიანი მუშაობს.
Print