ახალი ამბები
დევნილთა პოლიკლინიკაში მართვის ახალი სისტემა ინერგება, მისი გასხვისების თემა დეზინფორმაციაა - აფხაზეთის მთავრობა
პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ეს არის სრული დეზინფორმაცია, - ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, პოლიკლინიკების მართვას აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო განახორციელებს. ამასთან, ჯინჭარაძის თქმით, არ შეიცვლება პერსონალი, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში კი მომუშავეების ხელფასები გაიზრდება. 

"რაც შეეხება თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვას, ჩვენ დავიწყეთ ამაზე დიდი ხანია მუშაობა და სისტემატიურად გავდიოდით კონსულტაციებს, როგორც პოლიკლინიკების პერსონალთან, ისე მათ დირექტორებთან. ბოლოს გვქონდა საერთო კრება, სადაც ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ და მსგავსი რეაქციები არ მოყოლია ამ ამბავს. რაც შეეხება ლოკაციურ გაერთიანებას, არ იცვლება გუნდი და პერსონალი, უბრალოდ ინერგება მართვის ახალი სისტემა, რომელიც მიმართულია ჩვენი დევნილი ბენეფიციარების კეთილდღეობისკენ, უკეთესი მომსახურებისკენ და ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ტარიფების ზრდას. გაერთიანების შედეგად ბენეფიტები ექნებათ როგორც მომუშავეებს, ისე მოსახლეობასაც, ეს ყველაფერი კეთდება მათთვის. გაერთიანების შედეგად, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, მოხდება როგორც პერსონალის ხელფასების, ასევე საერთო ბენეფიციარების ზრდაც", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

დევნილთა პოლიკლინიკაში მომუშავე ექიმები საპროტესტო აქციას დღეს დილიდან მართავდნენ. მათი თქმით, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება დავით ტატიშვილის მმართველობაში გადადის, რის შესახებაც გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ კლინიკის გასხვისება და პროფილის შეცვლა ტარიფების მატებას და პაციენტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.


Print