ახალი ამბები
გუდაუთის სოფლებში ამერიკული თეთრი პეპელა ისევ გამოჩნდა
გუდაუთის რაიონის რამდენიმე სოფელს ამერიკული თეთრი პეპელა ისევ მოედო. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსმა იური კვარაცხელიამ განაცხადა, წერს გამოცემა "აიაირა". მისივე თქმით, ფაროსანასა და ამერიკულ პეპელასთან საბრძოლველად მოსახლეობას 1.5 ტონამდე შესაწამლი პრეპარატი გადასცეს ნარგავების დასამუშავებლად.

"თუ ახლა არ დავამუშავებთ პლანტაციებს, აგვისტოში გვექნება დიდი დანაკარგები. ასევე ფიქსირდება დიდი რაოდენობით მცირე ზომის ფაროსანა, რომელიც უნდა გავანდგუროთ, სანამ ფრენას დაიწყებენ", - ამბობს აფხაზი სპეციალისტი.

აფხაზი ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ გრილმა გაზაფხულმა და წვიმიანმა ივნისმა მცირედით შეანელა მავნებლის გავრცელება, თუმცა ცხელი ამინდის დადგომასთან ერთად შესაძლოა ვითარება გაუარესდეს.

აფხაზეთში ამერიკული თეთრი პეპელა 2018 წელს გამოჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, მან რესპუბლიკაში სოჭიდან შემოაღწია. მავნებლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები რესპუბლიკაში 2019 წელსაც გატარდა მთელ სანაპირო ზოლზე. მაშინ მწერი ყველაზე მეტად გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის რაიონებში იყო გავრცელებული.

Print