ახალი ამბები
RESPUBLICA: გერმანული კომპანია ანქვაბს აფხაზეთში ქალაქური ტიპის დასახლების მშენებლობას სთავაზობს
ტელეგრამის არხი Respublica აქვეყნებს გერმანული კომპანიის, FVT– Group & Partner-ის წერილს (დსთ-ში წარმომადგენლობის სახელწოდებაა სააქციო საზოგადოება ХК "Партнер+") აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბისადმი. დოკუმენტის თანახმად, კომპანია მას აფხაზეთში 6 მლრდ ევროს ინვესტიციას სთავაზობს ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12 ათას-კაციანი "მცირე საკურორტო ქალაქის" მშენებლობისთვის, წერს "ეხო კავკაზა".

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ, ეს "ჰუმანიტარული პროექტია" და თანხები "საქველმოქმედო სახსრების ფარგლებში" გამოიყოფა.

ინვესტორი მშენებლობისთვის 5 კვადრატული კილომეტრის მიწის ნაკვეთს ითხოვს (500 ჰა), ამასთან წარადგენს მიზნების შესახებ დეკლარაციას, რომლითაც მოითხოვს 6 მლრდ ევროს ოდენობის სახელმწიფო გარანტიას ხელისუფლების შეცვლის და სხვა შემთხვევებში საინვესტიციო კრახის თავიდან ასაცილებლად.

"პროექტით გათვალისწინებულია სკოლების, საბავშვო ბაღების, 100-ადგილიანი კლინიკის, ადმინისტრაციული შენობების, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, პოლიციის, სახანძრო და სხვა შენობების მშენებლობა, დასრულებულ პროექტს აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებს უსასყიდლოდ გადასცემენ", - ნათქვამია წერილში.

Respublica-ს თანახმად, გერმანულ კომპანიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, "პრეზიდენტმა" უპასუხა. 

"გავეცანით შემოთავაზებულ ჰუმანიტარულ პროექტს "საკურორტო ქალაქისა და სამედიცინო ცენტრის მშენებლობის" შესახებ, აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გამოთქვამს თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და სრული ნდობით იძლევა დაგეგმილი მიზნებისთვის მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის გარანტიას, კომუნიკაციების მშენებლობისა და კავშირგაბმულობის ნებართვების საჭირო პაკეტით: წყალმომარაგება, ელექტროენერგია და ა.შ.", - ნათქვამია წერილში, რომელიც ასლან ბჟანიამ გერმანული კომპანიის წარმომადგენელს მიმდინარე წლის 13 მაისს გაუგზავნა.  


Print