ახალი ამბები
ეუთო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს,რომ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ყოველწლიური სესიის ბოლოს გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია აღნიშნული.

„გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო", - ვკითხულობთ დოკუმენტში.


რეზოლიაცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიცა 2021 წლის იანვარში. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა გმობს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების დეგრადაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ამასთან, იქ მცხოვრები ხალხის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევის შედეგად, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას სხვადასხვა ფორმით, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე 23 ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართული მახასიათებლის განადგურებას და შეცვლას, რაც, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული „რუსიფიკაციის“, მიმდინარე ოკუპაციისა და პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

Print