ახალი ამბები
სოხუმი ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" მოსკოვის საკუთრებაში გადაცემას გეგმავს - მედია
სოხუმი ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთის საკუთრებაში გადაცემას გეგმავს, ამის შესახებ აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" წერს.
"საზოგადოებას ჯერ არ ჰქონდა გადამუშავებული ინფორმაცია მოსალოდნელი თაღლითობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია უცნობი კომპანიისთვის 500 ჰექტარი სანაპირო მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით, და მას თავს კიდევ ერთი ამბავი დაატყდა - რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, ბიჭვინთაში, სანაპიროსა და აკვატორიის ნაწილის ჩართვით, 180 ჰექტარი მიწის გასხვისების შესახებ.

"ეხო კავკაზას" თანახმად, "პარლამენტის" დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა ადგურ ლაგვილავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ქვეყნის მიწის რესურსი სამართლიანად უნდა გადანაწილდეს მოქალაქეებს შორის და არ იყოს იმათი პირადი საკუთრება, ვინც თითქოს ხალხის სახელით განკარგავს მას."

"პოლიტიკოსების არაერთი თაობა და მათი ახლობლები გამდიდრდნენ, მიითვისეს ის, რასაც ჩვენი ხალხი იცავდა უზარმაზარი მსხვერპლის ფასად. ბიჭვინთის ისტორიაში მთელი შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილის უცხოური სამსახურისთვის გადაცემა არის არა მხოლოდ ბიჭვინთის მაცხოვრებლების, არამედ მთელი ხალხისა და მომავალი თაობების ძარცვა. ვინ უნდა იყო, რომ ეს არ გესმოდეს და წამიერი კონიუნქტურით ხელმძღვანელობდე და თვალი დახუჭოთ ამაზე?! – აღნიშნა ადგურ ლაგვილავამ.

სოხუმში, ე.წ. პარალმენტში, "საერთაშორისო, პარლამენტთაშორისი ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაფართოებული სხდომა", გაიმართა, რომელზეც განიხილეს შეთანხმება, "აფხაზეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესების შესახებ".

ამევ ცნობით, სხდომის დასასრულს გადაწყდა, რომ "კომიტეტის წევრები რეკომენდაციას უწევენ პარლამენტს მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ".

ამავე ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას აფხაზურ და რუსულ მახრეებს შორის ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა. ის ითვალისწინებს "კომპლექსის რუსეთის ფედერაციისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე მიწის ნაკვეთების და ზღვის მიმდებარე მონაკვეთის იჯარით გაცემას".

მანამდე, ტელეგრამ არხმა  Respublica - მ გამოაქვეყნა გერმანული კომპანია, FVT - Group & Partner - ის წერილი (დსთ-ში წარმომადგენლობის სახელწოდებაა სააქციო საზოგადოება ХК "Партнер+") აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბისადმი. დოკუმენტის თანახმად, კომპანია მას აფხაზეთში 6 მლრდ ევროს ინვესტიციას სთავაზობს ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12 ათას-კაციანი "მცირე საკურორტო ქალაქის" მშენებლობისთვის. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს "ჰუმანიტარული პროექტია" და თანხები "საქველმოქმედო სახსრების ფარგლებში" გამოიყოფა.

Respublica -ს თანახმად, გერმანულ კომპანიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, "პრეზიდენტმა" უპასუხა. ასლან ბჟანიას მიერ 13 მაისს ინვესტორისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გამოთქვამს თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და სრული ნდობით იძლევა დაგეგმილი მიზნებისთვის მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის გარანტიას, კომუნიკაციების მშენებლობისა და კავშირგაბმულობის ნებართვების საჭირო პაკეტით".


Print