რეგიონი
სამეგრელოში 6 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 206 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს ცნობით, 1 369 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 206 ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, 417 დაფიქსირდა კახეთში, იმერეთში 237 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 153, ქვემო ქართლში - 130, აჭარაში - 70, შიდა ქართლში - 63, მცხეთა-მთიანეთში - 37, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 26, გურიაში კი 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია თბილისშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი აღკვეთეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 934 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print