ახალი ამბები
ლიხნის ტაძრის სახურავის რეკონსტრუქცია იგეგმება - სოხუმი
გუდაუთაში მდებარე ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის სახურავს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ამის შესახებ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

ამავე ცნობით, 8 ივლისს ლიხნის ტაძარი მოინახულეს "კულტურის მინისტრმა" დაურ კოვემ და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა" ვისარიონ აპლიამ. მათ ობიექტი დაათვალიერეს და სარესტავრაციო ინსტრუქციით დაშვებული გადახურვის სისტემის აღდგენის ვარიანტები განიხილეს, ორიგინალური კრამიტის საფარის და ტაძრის ფერწერის შენარჩუნებისა და ატმოსფერული ზეგავლენისგან მისი დაცვის პირობით.

ლიხნის ტაძარი X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, აღმართულია სოფელ ლიხნის შუაგულში. ლიხნის ტაძრის შესახებ ძირითად ისტორიულ წყაროს წარმოადგენს მისი ხუროთმოძღვრება და ფერწერა. ტაძარში შემორჩენილია როგორც X-XI საუკუნეების, ასევე XIV საუკუნის მოხატულობის კვალი.

ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

2010 წელს აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ლიხნის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა პროფესიონალი რესტავრატორების გარეშე. ლიხნის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამიტომაც მისი შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.


Print