რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კლინიკის პროტესტზე: აქციებს სჯობს ბენეფიციარებს დაუთმონ დრო
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სპეკულაციებს უწოდებს ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებისა და ბენეფიციარების პროტესტსა და მათ მოთხოვნებს აბაშიძის გადადგომასთან დაკავშირებით. მან დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კლინიკაში მხოლოდ ახალი მართვის სისტემა ინერგება და დანარჩენი სპეკულაციების თემაა. რუსლან აბაშიძემ მედიკოსებს აქციებში მონაწილეობის ნაცვლად ბენეფიციარების საჭიროებებზე ზრუნვისკენ მოუწოდა.

,,მთავრობის გადაწყვეტილებით 12 პოლიკლინიკა, რომელიც ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით და იმართება ჩვენი ქონების მართვის სააგენტოს მიერ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პოლიკლინიკაში დავნერგოთ ახალი მართვის სისტემა , შესაბამისად ახალი მართვის სისტემა ითვალისწინებს სერვისების გაუმჯობესებას, ხელფასების ამაღლებას, სერვისების განვითარებას და რაც მთავარია უფრო ფართო მაშტაბის ჩვენი დევნილი საზოგადოების ჩართულობას აი ამ პროცესში. რაც შეეხება სხვა საკითხებს ეს სხვა სპეკულაციებია. თუ არის საუბარი კორუფციულ გარიგებაზე, ჩვენ შესაბამისად გადავამოწმებთ და ასევე საზოგადოებას მოვახსენებთ.... არანაირი საფუძველი არ გააჩნია ამ შიშებს ახალი მართვის სისტემის დანერგვის თვალსაზრისით ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ პაციენტების, არამედ ასევე ყველა იმ სერვისის დამატებას, რომელიც არის დაკავშირებული ოპერირებასთან ნორმალური კლინიკის. ...კლინიკის ყველა ხელმძღვანელთან იყო შეხვედრა, ყველას განემარტა დეტალები იმ პროცესისა რასაც ჩვენ ვახორციელებთ. ჯობია ბენეფიციარებს დაუთმონ დრო, ვიდრე რაღაც აქციებში მიიღონ მონაწილეობა’’, - ამბობს ის.

ექიმებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ საავმტომობილო გზაც გადაკეტეს. ისინი ამ ფორმით სავარაუდო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად დევნილთა პოლიკლინიკების გაერთიანება და სხვისი მართვის ქვეშ გადაცემაა დაგეგმილი. აქციების მონაწილეები შიშობენ, რომ ამით ათასობით დევნილი და ადგოლობრივი პაციენტი შეღავათიან სამედიცინო მომსახურებას დაკარგავს, ექიმების უმრავლესობა კი სამსახურის გარეშე დარჩება.
Print