ახალი ამბები
სენაკში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია რამდენიმე პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არიან დაკავებული 1983 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი უ.გ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ასევე ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ., 1980 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ღ., 1982 წელს დაბადებული მ.ყ. და 1994 წელს დაბადებული დ.მ.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებული უ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო მ.ყ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 ვაზნა. რაც შეეხება ლ.ღ.-ს, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა. დ.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა. ი.კ.-ის მიერ მითითებული ადგილიდან კი პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა ამოიღო", - ნათქვამის შს სამინისტროს პრესცენტრის განცხადებაში.

ამავე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print