ახალი ამბები
მეუფე გრიგოლმა უკრაინაში დაღუპული მებრძოლის პანაშვიდზე პარაკლისი გადაიხადა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კახა გოგოლის პანაშვიდზე მისი სულის მოსახსნებელი პარაკლისი გადაიხადა და სასულიერო პირებთან ერთად ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ჩვენ ძალიან ვწუხვართ, როცა ჩვენი ძმები, ჩვენი თანამემამულეები იღუპებიან რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე სიამაყითაც გვევსება გული რომ ისინი იქ ქართულ საქმეს აკეთებენ. ისინი თვალებში ჩაჰყურებენ იმ ბოროტებას, რომელიც ცდილობსგაიმარჯვოს, მაგრამ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. თავისუფლების სული ისეთია, მას ვერაფერი დაამარცხებს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბრძვიან ჩვენი ქართველი თანამემამულეები უკრაინაში. ღმერთმა დალოცოს კახას უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, რამეთუ თავისი მამულის ინტერესებს იცავდნენ ასევე იქ ჩვენი ქართველი უკრაინაში დაღუპული მამულისშვილები. დღეს არის ტკივილით აღსავსე დღე, მაგრამ ეს არის ერთგვარი სიამაყის დღეც", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახა გოგოლს ფოთში დღეს დაკრძალავენ.
Print